ჩემი წამების კადრები "ხარებამ" გაუგზავნა გომელაურს, ეს კადრები აქვს მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, სუსის ყოფილ უფროსს და ალბათ, ახლა ოხანაშვილსაც ექნება, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთელი ძალოვანი სტრუქტურა მამუკა მდინარაძის ხელშია.

"ცხრავე სპეცრაზმელი, რომელიც ჩემ მიმართ ძალადობაში მონაწილეობდა, იდენტიფიცირებული გვყავს და ერთი გოგა მემანიშვილია, რომელიც მაშინ ამ ყველაფერს უყურებდა 27 წუთის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი.  ორი ადამიანისთვის იარაღი უჩუქებია ბატონ ჭუკი გომელაურს, რომელიც შსს-ს მინისტრი იყო მაგ დროს, ანუ, დააჯილდოვა "ხარება" და კიდევ ორი ადამიანი. "ხარებას" ჩათვლით იყო 9 ადამიანი - უფრო აქტიურები, შედარებით აქტიურები და წვრილფეხები. მე სახელით, გვარებით, თანამდებობებით და სურათებით ვიცი ყველა, ოღონდ გამოძიებას ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს გამოკითხული. ეს წამების კადრები "ხარებამ" გაუგზავნა გომელაურს, ეს კადრები აქვს მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, სუსის ყოფილ უფროსს და ალბათ, ახლა ოხანაშვილსაც ექნება.

მე რამდენიმე დღით ადრე ვთქვი, რომ "ხარება" და გომელაური ტოვებენ თანამდებობას - მოხდა ისე, რომ "ხარება" გაუშვეს. კი იხვეწებოდა, რომ დამტოვეთ, რთული ვითარებაა ჯერო, მაგრამ გააგდეს, ვთქვი, რომ გომელაურს გაუშვებენ საღამოს და გაუშვეს, შიდა გარჩევებია-თქო ვთქვი და ვთქვი, რომ რიჟვაძეს ემუქრებიან, სთხოვენ 300 მილიონს და ვნახეთ, რომ ეს ადამიანი მოკლეს ლამის. მე მგონია, რომ კლავდნენ მას. ელოდებიან, რიჟვაძე გადარჩება თუ არა და თუ გადარჩა, რას იტყვის. მე ამდენი დღეა ვსვამ კითხვას - შს მინისტრი ჯეკაა, გეკა თუ გელა იყო თუ არა იქ, სანამ ინციდენტი მოხდებოდა, როდის წამოვიდა, ვისთან ერთად იყო, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მე იქ არ ვყოფილვარო. ვინმემ ვიცით, თორნიკე რიჟვაძესთან მაგიდასთან ვინ იყო? მე რომ რამე გავაფუჭო, ნახევარ საათში ხომ იტყვიან ვინ იყო ჩემთან ერთად?! გავიდა 10 დღეზე მეტი და პროკურორი გინახავთ, რომელიც დადგა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პასუხი გასცა ვინმეს?! პატარა ამბავი არ მოხდა. ჩემი ინფორმაციით, შსს-ს მინისტრიც იყო, მაგრამ გამოვიდა ეს კაცი და თქვა, რომ არ ვიყავიო. გაგვაგებინონ, რამდენი ადამიანი იყო იმ დღეს, ან ვიდეოკამერები ამოიღონ. ეს არის ბურუსით მოცული საქმე.

ამის შემდეგ გამოვედი და ვთქვი, ბიზნესს დაეტაკნენ-თქო. ცოტა ხანში ჩხაიძეს შვილი დაუჭირეს, "ზარალა" ციხეში ჩააგდეს, ვთქვი, რომ უჩა მამაცაშვილი ქვეყნიდანაა გაქცეული და სადაა ბიძინა დეიდაშვილი უჩა?! 

ვთქვი, რომ პაპაშვილი 40 წუთი ალოდინეს მდინარაძესთან და 4-5 დღეში შევიდნენ მის ბიზნესცენტრში და თქვეს, რომ "ქოლცენტრია".

მე ვიყავი პირველი, რომელმაც ვთქვი, რომ გრიგოლ ლილუაშვილს აქვს "ქოლცენტრები".

ბათუმში რატომაა სროლები? იმიტომ, რომ რიჟვაძის დალაგებულები აირია, ბიძინა ფულს ითხოვს ყველასგან.

შს მინისტრი არის მდინარაძის კადრი, სუსში არის ოხანაშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე მამუკა მდინარაძეა და "ხარებას"  ადგილასაც ვინცაა, დანიშნა მამუკა მდინარაძემ - მთელი ძალოვანი უწყება არის მამუკა მდინარაძეზე. მამუკა მდინარაძეს ასევე მიამაგრეს მოკრიმინალო ხალხი, რომელსაც მისცეს იარაღი. 

დღეს უკვე კარგად ვიცით, რომ გვესვრიან, სხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავთ ხალხი, რომ ქართველები სცემონ, დაგვაკავებენ და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.