მე ვფიქრობ, ჩვენ არ ვართ იმ კონდიციაში, რომ გავალთ ბოლომდე, ამიტომ, რჩება გზა - ან ივანიშვილი გამოდის ბოლოში, ან რაღაცაზე ვლაპარაკობთ და ჩემი აზრით, ეს რეზოლუციაც არის მინიშნება იმაზე, რომ რაღაცაზე ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში მოწოდებულია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხალხს ეუბნებოდეს, რომ არჩევნები არის გზა.

"რასაც ეს რეზოლუცია ამბობს, ზუსტად მაგას ვამბობ მეც. შეიძლება პოლიტიკოსებმა თქვან, რომ ჩვენი გზა არის ბრძოლა, შეკითხვაა - ბრძოლა რაში გამოიხატება? ეს არის ქუჩაში, თუ პოლიტიკურ პროცესში ბრძოლა? ქუჩაში ბრძოლას მე ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ, რომ ქუჩაში ბრძოლას ვინმე აორგანიზებს, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის მერე. თუ ვინმეს უნდოდა ქუჩაში ბრძოლა, 4 ოქტომბერს უნდა ებრძოლა. ქუჩაში ვიბრძვიო რომ იტყვის პოლიტიკოსი, უნდა აორგანიზებდეს აქტივს, უნდა იდგეს ქუჩაში, უნდა ადიოდეს მაღლა პროტესტის მუხლი. მე ვერ ვხედავ, რომ ამას აკეთებენ. მაშინ რჩება მეორე - პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გზა.

მე ვამბობ, რომ ახლა ფსონის იმაზე დადება, რომ ჩვენ გავალთ ბოლომდე, თან ისე, რომ არც კი ვუშვებთ, რომ არჩევნებს ივანიშვილი ატარეს, ფსონის დადება იმაზე, რომ მათ ჩამოვანგრევთ და ივანიშვილი გაიქცევა პეკინში, ან მოსკოვში, მოვიპოვებთ სრულ ძალაუფლებას და ამის მერე ჩავატარებთ არჩევნებს, ეს არის ჩვენი სტრატეგია სახელად - ბოლომდე, მაგრამ მე ამის არ მჯერა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვართ იმ კონდიციაში, რომ გავალთ ბოლომდე, ამიტომ, რჩება გზა - ან ივანიშვილი გამოდის ბოლოში, ან რაღაცაზე ვლაპარაკობთ და, ჩემი აზრით, ეს რეზოლუციაც არის მინიშნება იმაზე, რომ რაღაცაზე ილაპარაკეთ, შეთანხმდით საარჩევნო გარემოზე, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ეტყვით ხალხს, რომ კი, არჩევნები არის გზა", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.