მედიის განდევნა სხდომათა დარბაზებიდან შემთხვევითი არ იყო, ეს ემსახურება პროცესების საჯაროობის დახურვას, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროსაც კი დაშვებული იყო სასამართლო სხდომებზე მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეუთო/ოდირის მხრიდან.

"ქალბატონი მზიას პატიმრობა და მთელი ეს პროცესი უბრალოდ იყო პირადი შურისძიება. პროკურორებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასთან, რომ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს იმ დანაშაულს, რითაც ასამართლებენ ქალბატონ მზია ამაღლობელს და კარგად იციან, რომ ძალიან მალე როგორ მოეკითხება თითოეულ პროკურორს, გამომძიებელს, მოსამართლეს ამ საქმის გამო.

რაც შეეხება სასამართლო სხდომებზე მედიების არდაშვებას, ეს მედიის განდევნა სხდომათა დარბაზებიდან შემთხვევითი არ იყო, ეს ემსახურება პროცესების საჯაროობის დახურვას. წინა ხელისუფლების დროსაც კი დაშვებული იყო სასამართლო სხდომებზე მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციების, ეუთო/ოდირის მხრიდან. ახლა ისეთი გადაწყვეტილებების კასკადი მიიღეს, რაც რეალურად, ამცირებს იქ მიმდინარე პროცესების შესახებ წვდომას. ყველა ეს საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.