პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და 81 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომელიც სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა წარადგინა.

"პროექტის ინიციირება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით არის განპირობებული, რომლითაც მან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცალკეული ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო“, - განმარტა მომხსენებელმა.

მისი განცხადებით, ცვლილებები ეხება სასამართლოს მიერ ცრუმაგიერ პირად აღიარების განხილვის ვადებს, მოწვევის შეუძლებლობის შემთხვევაში პროცესის გადადებას და სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დასაბუთებას.

პროექტის თანახმად, მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში გამოსცემს ნაცვლად 14 დღისა.

თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულისაა, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა.

ამასთან, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ, მოსამართლე დასაბუთებულ ბრძანებას გამოსცემს ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ.

გარდა ამისა, მოსამართლის შესაბამისი ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 14 დღეში შეიტანება, ნაცვლად 48 საათისა.