პარლამენტმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, FARA-ს კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მიღებულია ამერიკული სტანდარტისა და ზუსტი ასლის კანონი. FARA-სთან ერთად მიღებულია „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები.

მიღებული გადაწყვეტილებით, სუბიექტის უცხოეთის პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. კანონის აღსრულება კი, ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.

პროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება – უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი.

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გამოიწვევს.