"ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და მინდა შემოგთავაზოთ, საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების ოთხი ხელმძღვანელი პარლამენტის თავისუფლების ორდენით დავაჯილდოვოთ და ამით, ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატოთ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა იმ ღვაწლისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი რესპუბლიკისთვის საფუძვლის ჩაყრა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდებიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები - ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი.

შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, ასევე, აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლომთათიძეს ხვალ ტაშკენტიდან სამშობლოში გადმოასვენებენ.

"რამდენიმე წელია, მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ საქართველოში გადმოგვესვენებინა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი თავმჯდომარე ნიკოლოზ-კარლო ჩხეიძე თავმჯდომარედ არჩეული იქნა დაუსწრებლად, ვინაიდან დიპლომატიური მისიით, საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ევროპაში იმყოფებოდა და პარლამენტს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ლომთათიძე ხელმძღვანელობდა.  საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა, ის დარჩა საქართველოში, ჩართული იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობებში, რის გამოც ის 1921 წელს დააკავეს და გადაასახლეს. ალექსანდრე ლომთათიძე უზბეკეთში, ტაშკენტის ციხეში 1924 წელს გარდაიცვალა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ალექსანდრე ლომთათიძეს 26 მაისს, ჩამოასვენებენ და დაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 28 მაისს, 12.00 საათზე გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი.

ალექსანდრე ლომთათიძე დიდუბის სასაფლაოზე, შვილის გვერდით, პატივით დაიკრძალება.