პოლიტიკური მოტივაციაა, გასაგებია, ზოგადად რატომ წავიდნენ იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაესვათ ციხეში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანი საქართველოს ევროპული დღის წესრიგიდან მოხსნაა.

"ელენეს საქმე ისეთია, რომ მანდ კითხვის ნიშანი ისედაც არ არსებობს, ხომ გასაგები იყო რაც გააკეთა, რატომაც გააკეთა და არც დაუმალავს არც იმ მომენტში და არც მერე.

მარტივად შეეძლოთ, იქვე ადმინისტრაციულად დაეჯარიმებინათ და მაგით დამთავრდებოდა ეს ამბავი. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ პოლიტიკოსი საარჩევნო ბანერზე "მარკერით" რაღაცის წარწერის გამო კიდევ თვეები გყავდეს ციხეში და კაცმა არ იცის, კიდევ რა განაჩენს გამოუტანენ, გასაგებია, რომ პოლიტიკური მოტივაციაა, გასაგებია, ზოგადად რატომ წავიდნენ იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაესვათ ციხეში, ერთადერთი ახსნა ამას, საბოლოო ჯამში, აქვს ის, რომ ამ ქვეყანას თუ რამე ძაფები დარჩა დამაკავშირებელი ევროპასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან, ეგ ძაფები, რომ ბოლომდე გადაჭრან, სხვა ახსნა არ აქვს ამათ ქმედებას. ზარალი რამდენიმე ათეული ლარია, თან ის ბანერი იწმინდება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.

საქმე თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ეხება. ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.