საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას "ლე მონდთან" ინტერვიუში ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

"მინდა ჯერ ერთი მივულოცო მას, რომ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე.

ამავე დროს, "ლე მონდი" თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა მისი შეწყალების უფლება, სხვათა შორის, ამისკენ მოუწოდებდა მას პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომლებსაც ის შეხვდა ბოლო თვეების განმავლობაში. მე არ მინდა განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან, ვინც ამისკენ მოუწოდებს ქალბატონ სალომეს რაღაც მოვთხოვო, უბრალოდ მინდა ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს, რომელსაც ის ამბობს. ის ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ მე ვარ უკეთესად ფიზიკურად, მე ვარ უკეთესად, მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ ძალიან მხნედ. რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ ვარ უკეთესად.

ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე ისაა, რომ ეს არ არის ჩემ სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში.

როცა ის იძახის, რომ კიდევ ორი სხვა საქმეა და მე რა ვქნა, ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ საშუალება, პასუხისმგებლობა მოიხსნათ, ორ საქმესაც აღძრავენ და 30-საც, მაგრამ ეს უკვე იყოს რუსი ოლიგარქის და რუსეთში მისი პატრონების პასუხისმგებლობა, თქვენ რატომ იღებთ პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, რომ გამბედაობა არ გაკლიათ და შეგიძლიათ აქტიური ქმედებების განხორციელება, თუ მოინდომებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.