“ქართული ოცნების” ამომრჩეველს მინდა ვუთხრა – თქვენ არ ხართ დაცულები, როცა თქვენი პარტია გტოვებთ მარტო და მთელ მსოფლიოს იმტერებს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი აუცილებელია, რათა საქართველოს საკითხი მეგობარ ქვეყნებში იყოს აქტუალური.

"დღეს ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს იმ მიმართულებით, რომ მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროტესტები გავმართოთ. ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს მნიშვნელოვანია, რადგან, ერთის მხრივ, ქვეყნის შიგნით ვძლიერდებით და ვხედავთ, რომ ჩვენ ერთიანი საზოგადოება ვართ. მეორეს მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ აქტუალურ საკითხად ვაბრუნებთ საქართველოს მომავალს. ამ პროცესში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ხალხს აქვს – მათ გამოსვლებს, რაოდენობასა და პროტესტს.

რა არის ჩვენი ამოცანები დღეს? პირველ რიგში, უნდა შევინარჩუნოთ წინააღმდეგობის ხაზი, რადგან ერთი მხარეს არის “ქართული ოცნება”, რომელიც ქვეყნის იზოლაციისკენ მიდის, ხოლო მეორე მხარეს ვართ ჩვენ – ის ხალხი, ვისაც ევროპული მომავალი და დაცული გარემო გვინდა.

იქით არიან ადამიანები, რომლებიც საქართველო მარტო დატოვეს და უკვე გააფუჭეს ურთიერთობა ჩვენს მეგობრებთან. აქეთ კი ვართ ჩვენ – ადამიანები, რომლებიც ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეგობრები, აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა და ძლიერი პარტნიორობა ამერიკასთან. ჩვენ გვინდა ვიყოთ იმ ძლიერი ამერიკის პარტნიორები, რომელიც დღეს ტრამპის მმართველობის პირობებში კიდევ უფრო ძლიერდება. ძლიერი ამერიკის მეგობრობა გვჭირდება, რათა ვიყოთ უფრო დაცულები.

“ქართული ოცნების” ამომრჩეველს მინდა ვუთხრა – თქვენ არ ხართ დაცულები, როცა თქვენი პარტია გტოვებთ მარტო და მთელ მსოფლიოს იმტერებს.

როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები წინ?

ამოცანას რამდენიმე განზომილებაში ვუყურებ: ინფორმაციული ომის მოგება – აუცილებელია, საზოგადოებას სიმართლე მივაწოდოთ და ეფექტიანად ვუპასუხოთ პროპაგანდას. ახალი ურთიერთობის ფორმები საზოგადოებასთან – მნიშვნელოვანია, შევიდეთ ხალხში, ოჯახებში, დაველაპარაკოთ თითოეულ მოქალაქეს და ავუხსნათ, რატომ არის ეს ბრძოლა ყველასთვის მნიშვნელოვანი. პროტესტის გაფართოება და ახალი მექანიზმების დანერგვა – უნდა ვიპოვოთ უფრო ეფექტიანი გზები, რომ ჩვენი ხმა კიდევ უფრო ძლიერად გაჟღერდეს.

ამ ბრძოლაში თითოეულ თქვენგანს გადამწყვეტი როლი აქვს. ერთად შევძლებთ, შევცვალოთ ქვეყანა და დავიბრუნოთ მომავალი", - განაცხადა ვაშაძემ.