"სამოქალაქო იდეა" ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც გაანალიზებულია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტის შენობასთან და სხვა ლოკაციებზე ჩინური სათვალთვალო კამერების გამოყენების მზარდი ტენდენცია. 

"ბოლო თვეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და „112“-მა გაზარდეს ჩინური ვიდეოსათვალთვალო კამერების რაოდენობა, რაც ნათლად მეტყველებს ქვეყანაში მიმდინარე აქციების მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებულ მცდელობებზე.

2025 წლის იანვარ-თებერვალში „112“-მა ჩინური კამერების შესყიდვაზე თითქმის 500 000 ლარი დახარჯა. აღნიშნული კამერები, რომლებიც წარმოებულია ჩინური კომპანია Dahua-ს მიერ,  საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, არამედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

„სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, რომ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება, განსაკუთრებით ავტორიტარული რეჟიმებისგან მომდინარე მუქარის ფონზე, კიდევ უფრო ზრდის კითხვებს მათ შესახებ, თუ როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება და ვინ აკონტროლებს ამ მონაცემებს. ეს ტენდენცია შეშფოთებას იწვევს, რადგან ჩინური სათვალთვალო სისტემები, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ასევე, შესაძლოა, გამოყენებული იყოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებისთვის.

გარდა ამისა, დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე აღიარეს ასეთი კამერების გამოყენების პოტენციური რისკები და აკრძალეს მათი მოხმარება. Dahua შავ სიაშია შეყვანილი, რაც მოწმობს მის მიერ წარმოებული სათვალთვალო კამერების გამოყენების საფრთხეებს.

იხილეთ, „სამოქალაქო იდეას“ ანგარიში სრულად აქ: https://shorturl.at/cP4T", - აღნიშნულია ინფორმაციაში.