სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი განა 4 ოქტომბრის შეკრებისთვის ემზადება, ან ე.წ. არჩევნებში გასამარჯვებლად, არამედ ემზადება 5 ოქტომბერს ოპოზიციის სკამში ჩასაჯდომად. ეს არის სამწუხარო, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ რუსთაველზე საქართველოს ყველა რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან უამრავი ადამიანი ჩამოვა.

"ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი იდგება რუსთაველის გამზირზე და ეს არის სწორედ მთავარი შიში ხელისუფლების. დღეს ჩვენ ვიხილეთ შეშინებული პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელსაც პირიქით, თვითონ ძალიან უნდა, რომ არეულობა მოხდეს. დღეს თუ ვინმეს აწყობს არეულობა, ეს არის ხელისუფლება. მათ ეშინიათ ბევრი ხალხის, არ ეშინიათ არეულობის იმიტომ, რომ ეს არის მათი სურვილი და ცდილობენ. ახლა ისინი ცდილობენ, დააშინონ ადამიანები. როგორ მინდა მე არეულობა, როდესაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები აგერ უკვე ფორმატებზე თავისი ხელით აკეთებენ პლაკატებს. მე იქ ჩემს შვილებთან ერთად ვიქნები. ვისაც ვიცნობ ჩემ გარშემო, ყველა ეს ადამიანი მოდის თავის ოჯახებთან ერთად იმიტომ, რომ ეს არის დღე, როდესაც უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი იდგება ქვეყნის მთავარ გამზირზე. სწორედ ეს არის ქართველი ხალხის იარაღი, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, მით უფრო გადააწყვეტინებს უკან დახევას და არა მარტო უკან დახევას, არამედ დათმობას ხელისუფლებისა.

ქართველი ხალხის რისხვას ვერასდროს ვერავინ გადაურჩება, არასდროს არავის გაუმარჯვია ხალხზე. ყველაფრისთვის მზად ვართ დღეს, მაგრამ ამასაც შეგუებულები არიან ჩვენი ოჯახები და ჩვენ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პოლიტიზებული სახე მისცენ ამ ყველაფერს.

მუდმივად ისმის კითხვები - "ნაციონალური მოძრაობა" არის თუ არა ორგანიზატორი ამ აქციისო  - არა, მე პირადად შეიძლება არ ვარ ორგანიზატორი, მაგრამ მე ჩემი თავისგან სხვას არაფერს მოველი და არც სხვა უნდა მოელოდეს, რომ მე ვიქნები ამ პროცესში ჩართული. მე 13 წელია, ვიბრძვი ხელისუფლების წინააღმდეგ.

ძალიან ბევრი პასუხია კითხვაზე - რატომ 4 ოქტომბერს, იმიტომ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ვიარსებოთ, როგორც სახელმწიფომ. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი განა 4 ოქტომბრის შეკრებისთვის ემზადება, ან ე.წ. არჩევნებში გასამარჯვებლად, არამედ ემზადება 5 ოქტომბერს ოპოზიციის სკამში ჩასაჯდომად. ეს არის სამწუხარო", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.