არ არის ეს ორი ირაკლის ომი, ეს არის ბიძინა ივანიშვილთან ომი. ირაკლი კობახიძე აქ უბრალოდ თავის ცუდ როლს ასრულებს ამ პროცესში, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლების შიგნით არსებულ პროცესებში დაუშვა შეცდომა.

"არ არის ეს ორი ირაკლის ომი, ეს არის ბიძინა ივანიშვილთან ომი. ირაკლი კობახიძე აქ უბრალოდ თავის ცუდ როლს ასრულებს ამ პროცესში. ეს რომ იყოს კორუფციასთან ბრძოლა, მაშინ ყველა ტენდერი, რომელიც ინფრასტრუქტურის, ან რომელიმე სამინისტრომ  ბოლო წლებში ჩაატარა, ყველგან იპოვის ივანიშვილი კორუფციის სქემას, მაგრამ ეს არ უნდა, რადგან კორუფციაში ჩართული ადამიანები თუ მას ემსახურებიან, მას პრობლემა აღარ აქვს.

როგორც ჩანს, რაღაც დაარღვიეს ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა. რა მოიფიქრა ირაკლი კობახიძემ და რა დააჯერა ბიძინა ივანიშვილს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ კობახიძე და ღარიბაშვილი ერთ ჭრილში განსახილველი არ არის და ამიტომაც არიან სხვადასხვა ვითარებაში. ამას რომ ვამბობდი ხშირად, ზოგიერთს ჰქონდა ამ ფრაზის მიუღებლობა, მაგრამ ფაქტია, რომ ესენი ერთნაირები რომ იყვნენ, არ იქნებოდა ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სამსახურში მიყვანილი. ამიტომ, არის ეს განსხვავებები.

რაც დაარღვიეს არის ალბათ, თამაშის წესები, რომელიც მოქმედებს შიგნით. ეს არის კორუფციის თემით შემოსაზღვრული თუ გაბანტული, მაგრამ ეს არის შიდა ძალიან დიდი ბრძოლის გამოხატულება. ახლა ცდილობენ, რომ ამ თემით გადაფარონ რუსთაველზე არსებული რეპრესიები და რეპრესიული კანონები და პარალელურად, ამ შლეიფს აყოლებენ, რომ აი, ჩვენიანებსაც კი არ ვინდობთ და ამიტომ არის საჭირო ფხიზლად ყოფნა, საზოგადოების ძლიერი წინააღმდეგობა და აქტიურობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა.
როგორც სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.