აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ძირითადი აკრძალვა, რომელიც ზღუდავდა უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის, - ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინას საშუალებას აძლევს, თავს დაესხას მტრის სამხედრო სამიზნეებს რუსეთის სიღრმეში.

კერძოდ, კიევს შეუძლია გამოიყენოს ბრიტანული Storm Shadow რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 180 მილზე (თითქმის 300 კმ) მეტია. ეს არის რაკეტა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენა ბრიანსკში რუსულ ქარხანაზე დასარტყმელად.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ასეთი ოპერაციების დამტკიცების კონტროლი აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან ევროპაში აშშ-ის სარდლობას გადაეცა.

"უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს დარტყმები რუსეთის სიღრმეში ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. მას ჩვენი ნებართვა არ სჭირდება“, - განაცხადა ნატოს პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა.

ამავდროულად, აშშ-მა არ დაადასტურა, გეგმავს თუ არა უკრაინისთვის ამერიკული "ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას, რომლებსაც 1600 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეების დარტყმა შეუძლიათ.