რეალობა, რომელსაც ივანიშვილის "ტროლები" მაკულატურას უწოდებენ, სინამდვილეში, უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტრაგიკულია, რომ დღეს ევროპარლამენტში განიხილება არა საქართველოს გაწევრიანების კონკრეტული მოლაპარაკებების გახსნა, არამედ საქართველოს უკუსვლა.

"ტრაგიკულია, რომ დღეს ევროპარლამენტში განიხილება არა საქართველოს გაწევრიანების კონკრეტული მოლაპარაკებების გახსნა, როგორც ეს ხდება უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, არამედ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ იქ საქართველოს უკუსვლაზეა საუბარი.

საქართველოს რომ ეროვნული ხელისუფლება ჰყავდეს, დარწმუნებული ვარ, ახლოს იქნებოდა ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან. რეალური მშვიდობა საქართველოსთვის მხოლოდ ევროკავშირში მოიპოვება, ასევე უდიდესი ეკონომიკური შესაძლებლობებია ევროკავშირში.

რეალობა, რომელსაც ივანიშვილის "ტროლები" მაკულატურას უწოდებენ, სინამდვილეში, უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. რეალობაა ის, რომ ეს არის უმძიმესი ანგარიში, რომელიც გაკეთებულა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ სხვა წევრ ქვეყანასთან მიმართებით.

საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში საუბარი იყო იმაზეც, რომ ეს ხელისუფლება არის დე ფაქტო და რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია, ასევე, საუბარია სანქციების მნიშვნელობაზეც და სავიზო რეჟიმის შეზღუდვის საკითხზეც", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.