რეფორმათა საბჭო შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად რამდენიმე მიზეზის გამო - ერთი იმიტომ, რომ გვინდა, იყოს საქმიანი კოალიცია, - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ახლა "ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ოპოზიციურ პარტიებში.

"რეფორმათა საბჭო შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად რამდენიმე მიზეზის გამო - ერთი იმიტომ, რომ გვინდა, იყოს რაღაცნაირად საქმიანი კოალიცია. "ნაციონალური მოძრაობა" ახლა არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ოპოზიციურ პარტიებში და მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერს, ბრძოლაში მყოფს უთხრას - ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, მე თქვენ ამას გაძლევთ, ჩემთან ერთად ვიმუშაოთ ამ ბრძოლის იარაღის გაძლიერებაზე, თქვენი შეხედულებების მიხედვით რეფორმები განვახორციელოთ ამ პარტიაში, ისეთი შევქმნათ, როგორსაც თქვენ ხედავთ უფრო მომხიბვლელად და უფრო მიმზიდველად, შემდეგ უკვე ეს პარტია ბრძოლაში გამოიყენოთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი იარაღი. იმიტომ, რომ ამ პროცესში შეიძლება მონაწილეობა სურდეს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ იყვნენ პარტიულები.

ჩვენ გვქონდა საქმიანი და საინტერესო შეხვედრა და გვექნება კიდეც, მაგრამ არასწორია მე სხვის მაგივრად კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" რეფორმატორთა საბჭო შეიქმნას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, ნანუკა ჟორჟოლიანი კი საბჭოს აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას შეასრულებს.