საქმე თუ აქამდე მივიდა, „ოპოზიციის ალიანსში“ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ პარტია გამხდარიყო „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, მიღებული იყო მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით.

"ჩვენი ამოცანა იყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია, გალვანიზაცია; იმ ადამიანების მოტივირება, რომლებსაც შესაძლოა, ძალიანაც არ მოსწონთ ივანიშვილი, ესმით, რომ ივანიშვილის გადარჩევით თუ გადაგდებით, რეჟიმის ჩამოშორებით, არანაირი ომი არ იქნება, ქვეყანა სწორი მიმართულებით წავა. ე.წ. არჩევნებში, მაგალითად, 20%-ზე მეტის მიმხრობა ვერ მოახერხეს, მათ შორის კახა კალაძისთვის, რომელიც მათი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მობილიზაცია, კონსოლიდაცია, ანუ შემაგრება და გაერთიანება, ასევე გალვანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გაერთიანებული, მაგრამ მოქმედებისთვის არ იყო მზად. გალვანიზაცია ნიშნავს, რომ მოქმედებაშიც მოდიხარ, მყწობრში. მოქმედებაში რომ მოხვიდე, აუცილებელია, მათ შორის, გამარჯვების რწმენა, ნდობა, რომ შეგიძლია, გამარჯვება მოიტანო. სწორედ კონსოლიდაციისთვის, გალვანიზაციისთვის და გამარჯვების რწმენისთვის შევედით „ოპოზიციის ალიანსში“. ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა არ იყო, თინა ბოკუჩავა პასუხობს: „არ იყო და ვერც იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს".