როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პროკურატურის გუშინდელ განცხადებას ის საქმედ ვერ აღიქვამს.

"როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი შეხება ე.წ სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება. მე მყავს ორი არაჩვეულებრივი ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, არიან ჩემს გვერდით. 

ადვოკატი არის, მაგრამ არ არის საქმე. იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ. მით უმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ, ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში (სასამართლოში). 

ჩემს პოზიციას ყველა საჯარო კითხვაზე შოთა და ანა გაახმოვანებენ. მადლობა მათ!

გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან  და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდე გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან.
ბოლომდე!", - წერს ელენე ხოშტარია. 

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.