რომელ ევროკავშირზეა ლაპარაკი, როცა რეგიონული დემოკრატიებიც კი გვჯობნიან უკვე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ობიექტურად უნდა შეფასდეს მოვლენები.

"ბუნებრივია, სანამ ასეთი ხელისუფლებაა, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს, რომელსაც არჩევნები გაუქმებული აქვს და სასამართლო გაუქმებული, რომელ ევროკავშირზე ვლაპარაკობთ? რომელ ევროკავშირზეა ლაპარაკი, როცა რეგიონული დემოკრატიებიც კი გვჯობნიან უკვე, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

ობიექტურად უნდა შევაფასოთ მოვლენები. ჩვენ დავიბრუნებთ ევროკავშირთან პერსპექტივას, როცა ამათ გავუშვებთ ისტორიის სანაგვეზე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, მაგრამ მას საქართველოს შესახებ არ უსაუბრია.