საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის, შედეგების, ასევე 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე 73 მედიასაშუალების დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი აკვირდებოდა. საერთო შეფასებამ კი დაადასტურა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან, გამჭვირვალე პირობებში, საარჩევნო პროცესი ადმინისტრირებული იყო პროფესიონალურად და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად ესარგებლათ დემოკრატიული უფლებებით. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, სამართალდამცველებმა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართეს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით. გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე 4 ოქტომბრის მოვლენების ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები, რომლის შედეგადაც დაშავდა არაერთი სამართალდამცველი და ჟურნალისტი, დაზიანდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატებს დაუდასტურა სამინისტროს ღიაობა და მზაობა, განაგრძოს თანამშრომლობა პარტნიორებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.