ლიდერთა საბჭომ თქვა, რომ თუ ქვეყანაში, სადაც უვიზო არსებობს, მოხდა მნიშვნელოვანი და ბრუტალური გაუარესება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, მიანიჭებს ევროკავშირი ევროკომისიას იმის უფლებას, ევროკომისიამ პირდაპირ შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი, -  ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხებში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპელი ლიდერების აუგად მოხსენებაზეც.

"კენჭისყრა უკვე იყო და გეტყვით, რომ უდიდესი უმრავლესობით მიიღო ევროპარლამენტმა ეს ახალი შეჯერებული ტექსტი. 518 -მა დეპუტატმა მისცა ხმა ამას, ახლა უკვე მიღებულია ევროპარლამენტის დონეზე და ამ კანონმდებლობას საბოლოო ბეჭედს დაასვამს ლიდერთა საბჭო, სავარაუდოდ, ნოემბერში.

ამ მექანიზმის გამარტივების მხრივ არის ისეთი ჩანაწერები, რომლებიც საქართველოს პირდაპირ შეეხება და ჩემი აზრით, პირდაპირ საქართველოს მაგალითმა ჩააწერინა ეს ევროპარლამენტს და საბჭოს.

დღევანდელი შესწორებები ძალიან მნიშვნელოვანია, კენჭი იყო ნაყარი მე-12, მე-13, მე-15 პუნქტებზე, სადაც ეწერა, რომ ევროკავშირმა ყველა ფაზაში შეჩერების დროს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი ტარგეტირებულ უვიზო შეჩერებას.

ახალი, კენჭნაყარი შესწორება არის მე-11-12, სადაც წერია, რომ ყველა ფაზაში - ანუ, წინა, ივნისის თვეში რაც მიიღეს, იქ ეწერა, რომ უვიზოს დროებითი შეწყვეტა მთელ ქვეყანას ეხებოდა და მეორე ფაზა როცა დაიწყებოდა, ევროკომისია დაელოდებოდა ამ ქვეყანას, მოეყვანა წესრიგში ევროკავშირთან ვალდებულებები და თუ ეს ქვეყანა არ უპასუხებდა, მეორე ფაზაში შეეძლოთ, ამ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დემოკრატიის ჩაგდებულ შემთხვევებში მხოლოდ პასუხისმგებელი პირებისთვის გაეჩერებინათ უვიზო, ახლა ეს განსხვავებულადაა ჩაწერილი და წერია, რომ ორივე ფაზაში უკვე ევროკომისიას მოეთხოვება ჯერ ტარგეტირებული უვიზო შეჩერება გააკეთოს, ოღონდ ყველა პასუხისმგებელ პირებზე. ანუ, პირველ ფაზაში, შესაძლოა, მთელ საქართველოს არ გაუჩერდეს, მხოლოდ პასუხისმგებელ პირებს, ოღონდ ამ ადამიანების სია ძალიან დიდია. აქ არიან მინისტრები, ბიზნესმენები, მთავრობა.

ამ ყველაფერს დაამატა ლიდერთა საბჭომ და თქვა, რომ თუ იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანასთანაც უვიზო არსებობს, მოხდა მნიშვნელოვანი და ბრუტალური გაუარესება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ამ შემთხვევაში, მიანიჭებს ევროკავშირი ევროკომისიას იმის უფლებას, რომ ევროკომისიამ პირდაპირ შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი და ეს გააკეთოს იმ ჩანაწერების მიხედვით, შეესაბამება თუ არა ბრუტალურ და სწრაფ გაუარესებას, დემოკრატიული ქვეყნიდან დიქტატურაში გადასვლას და ურთიერთობების საოცარ გაუარესებას, ანუ, ევროკავშირის ლიდერების ლანძღვა-გინება, რაც მოდის საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, ეს არის პირდაპირ გაკეთებული იმიტომ, რომ ეს ბრუტალური მომენტი ამოქმედდეს", - განაცხადა თამარ გუგულაშვილმა. 

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება. ახალ მექანიზმს მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 96 იყო, ხმის მიცემისგან თავი 24-მა დეპუტატმა შეიკავა.