მიზნის მისაღწევად საჭიროა ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას, მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, ამიტომ შევთავაზე და დღეს, საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და გაიზიარონ პროტესტის ორივე მიზანი - დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე.

"34 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე, დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს. 1991 წლის 31 მარტს ქართველი ქართველი ამომრჩევლის 90%-ზე მეტმა დაიბრუნა საკუთარი ქვეყანა, ხმა მისცა დამოუკიდებლობას, ხმა მისცა რუსეთის ოკუპაციის სამუდამოდ დასრულებას. დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება 70 წლის საბჭოთა რუსული მონობის შემდეგ არც ადვილი იყო და არც ადვილად სარწმუნო საზოგადოებისთვის. მაშინაც უნდობლობა, უიმედობა, ორპირობა, კონფორმიზმი და საკუთარი ინტერესები აბრკოლებდა გათავისუფლების გზას და ბუნდოვანს ხდიდა გამარჯვების შანსს, მაგრამ მაშინაც იყვნენ საქართველოს მომავლის და თავისუფლების გარდაუვალობაში დარწმუნებული მებრძოლები და მათ შეძლეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.

ეს გამარჯვება მარტივი არ ყოფილა, ეს გამარჯვება იყო 1921 წლის ბრძოლების, 1923-24 აჯანყებების, 1978 წლის 14 აპრილის ქართული ენის დასაცავად გამართული გამოსვლებისა და 1989 წლის 9 აპრილის შედეგი. 

ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ასე ერთიანობით გაიმარჯვებდა, რომ საკუთარ ნებას გამოხატავდა. 

თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, დგანან 31 მარტის მოთავეები - ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი, მათი სიტყვები - "მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შევწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც". გაგვაფრთხილეს და თქვენ განაგრძობთ ამ ბრძოლას, რომელიც არასდროს შეგვიწყვეტია. 

უკვე 124 დღეა აქციის აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით და კანონით გვეკუთვნის - თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ამ ბრძოლამ უკვე მოიტანა შედეგი. ჯერ კიდევ "რუსული კანონის" წინააღმდეგ დაწყებულმა პროტესტმა საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც დაიმსახურეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს თქვენ გააკეთეთ.

იზოლაციაშია მმართველი პარტია. აქაც გამარჯვებული ხართ თქვენ, ისინი კი სადღაც ხელის ჩამორთმევას ცდილობენ. საქართველოს სამართლიანი ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში. ვერ შეძლეს ქუჩაში მდგომი ქართველი ხალხის გატეხა ვერც ძალადობით, ვერც დაშინებით. ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში დაიბადა ეროვნული თანხმობა.

ერთი ქალის ხმა - "ცეცხლი ოლიგარქიას" არის ზუსტი საზომი, ერთი დედის გამძლეობა ნამდვილი საზომია, რომელსაც რეჟიმი ეჯახება. დღეს ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ უსამართლობის წინააღმდეგ. სწორედ ერთობას გამოჰყავს წყობიდან მმართველი პარტია. ამ დროს იბადება ახალი საქართველო. ეს არის მყარი საძირკველი, რომ ევროპულ სახელმწიფოს დავიბრუნებთ, გამოვგლეჯთ საქართველოს რუსეთის კლანჭებიდან. ბრძოლა გრძელდება. 

მიზნის მისაღწევად საჭიროა ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას, მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, ამიტომ შევთავაზე და დღეს, საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და გაიზიარონ პროტესტის ორივე მიზანი - დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.  ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს.  

წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება, ჩვენი მოვალეობაა. 

ახალი ეტაპი იწყება, ნუ შეგეშინდებათ, რომ ხანდახან ბევრი ადამიანი არ დგას რუსთაველზე, რომ ვიღაც გაიყიდა, ვიღაც მოისყიდეს, ჭორებს ავრცელებენ, რომ დაგვყონ. ცრუ მოლოდინებს ნუ გაჰყვებით, მე გპირდებით, რომ არ მოგატყუებთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.