სახელმწიფოში რომ არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია პატიმრის უფლებები დაიცვას, ეს ფაქტია. თუ ასეთი მდგომარეობა შეიძლება ღარიბაშვილისთვის იყოს, როგორი შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა პატიმრის მდგომარეობა, თუ მათ გაუჩნდათ განცდა და შიში, რომ მათი, ან თავიანთი ოჯახის მდგომარეობა შეიძლება საფრთხის ქვეშ იყოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი სწერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს, რაიმე ზემდგომ ორგანოს, რაც თავისთავად, პრობლემაა.

"ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია, ზოგადად, მოსახლეობისთვის და საზოგადოებისთვის ამის დეტალებში გარჩევა იმიტომ, რომ პრინციპში არც არაფერი არ ვიცით, ხვალ შეიძლება ცოტა მეტი გავიგოთ. რაც ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია - სახელმწიფოს მდგომარეობა როგორია და რა სიმპტომს გვაჩვენებს ასეთი ურთიერთობა ყოფილ პრემიერებს შორის, ერთი გუნდის წარმომადგენლებს შორის.

ანუ, გამოდის, რომ მაღალი ინტერესისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პატიმრის მიმართ, რომლის მიმართაც ყურადღება ყოველთვის უფრო მაღალია, მას აქვს განცდა, რომ ის არის დაჩაგრული და მას არ აქვს არანაირი ინსტიტუციური გარანტია ქვეყანაში, რომ ის დაიცვან - ეს ფაქტია. ის სწერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს, რაიმე ზემდგომ ორგანოს, მაგალითად პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოში არ არის ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პატიმარი დაიცვას, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ეს ყველაზე ძლიერი მაჩვენებელია სახელმწიფო ინსტიტუციების დეგრადაციის. ეს აჩვენებს იმას, რომ ასე ფუნქციონირებს რეჟიმი, სადაც კონკრეტული ადამიანის სამართლიანი მოპყრობა, მისი ოჯახის უსაფრთხოება და ყველაფერი, ერთი კაცის ხელშია და არცერთი რომელიმე ინსტიტუციის. სახელმწიფოში რომ არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია პატიმრის უფლებები დაიცვას, ეს ფაქტია. თუ ასეთი მდგომარეობა შეიძლება ღარიბაშვილისთვის იყოს, როგორი შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა პატიმრის მდგომარეობა, თუ მათ გაუჩნდათ განცდა და შიში, რომ მათი, ან თავიანთი ოჯახის მდგომარეობა შეიძლება საფრთხის ქვეშ იყოს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ დღეიდან, მასზე და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას.