სასამართლო გადადგამს ზუსტად იმდენ ნაბიჯს, რამდენის უფლებასაც მისცემენ ან რამდენსაც მოსთხოვენ და გააკეთებს ამას მაშინ, როდესაც ამის უფლებას მისცემენ, როდესაც ეტყვიან, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ქეთევან ერემაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო არ არის თავისუფალი არც იმაში, თუ რა შინაარსის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"რა ტიპის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ის შეაჩერებს კანონს სრულად თუ არ შეაჩერებს, ცხადია, რომ ეს ვერ იქნება თავისუფალ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლო გადადგამს ზუსტად იმდენ ნაბიჯს, რამდენის უფლებასაც მისცემენ ან რამდენსაც მოსთხოვენ და გააკეთებს ამას მაშინ, როდესაც ამის უფლებას მისცემენ, როდესაც ეტყვიან. ანუ, სასამართლო არ არის თავისუფალი არც იმაში, თუ რა შინაარსის გადაწყვეტილებას მიიღებს, არც იმაში, თუ როდის გააკეთებს ამას. ძალიან დასანანია, რომ ეს ტვირთი უნდა ატარონ არა მხოლოდ მოსამართლეებმა, პერსონალურად ამ მოსამართლეებმა, არამედ სასამართლომ. არ ვიცი, როგორ შეიძლება სასამართლო გათავისუფლდეს ამ ტვირთისგან", - განაცხადა ქეთევან ერემაძემ.

" უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები პირველ სექტემბერს დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის ცნობილი.