როცა იყო შესაძლებლობა იმისა, რომ ერთიანობა ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილმა ამისთვის ნაბიჯები არ გადადგა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი პარტია პარტიებს შორის ერთიანობას თუ ვერ შეძლებს, ეცდება, რომ კოორდინაცია მაინც შედგეს.

"როცა იყო შესაძლებლობა იმისა, რომ ერთიანობა ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილმა ამისთვის ნაბიჯები არ გადადგა, სამწუხაროდ, მაგალითად, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. მას შეეძლო, მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა. ასეა - ხან ვინ აკლებს რაღაცას, ხან შეიძლება ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს.

სალომე ზურაბიშვილმა ღიად უნდა თქვას, ვის გამო ვერ ხერხდება ეს, თუ აქვს ეს ინფორმაცია, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პარტია "ახალის" სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარტიებს შორის ერთიანობა თუ ვერ შედგება, კოორდინაცია მაინც შედგეს", - განაცხადა თენგო თევზაძე.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს ერთი მიზნისკენ გაერთიანება მოუწოდა. მისივე თქმით, ძველი პოლიტიკური გაერთიანება, სავარაუდოდ, "რეჟიმის ჩარევისა" და მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ციხეში ყოფნის გამო ვერ შედგა.