მიზანი იყო პირადი შურისძიება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განეიტრალება და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში დახმარებისათვის შურისძიება, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ე.წ. ძაღლების საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამ მიზნით შეჩერდა საქმის მოკვლევა სასამართლოსგან და პროკურატურისგან.

"ჩვენი პოზიციაა, რომ ალეკო ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი და მისი მსჯავრდება მოხდა გაზვიადებული ბრალდებით და ხელოვნურად გაზრდილი ბრალდებით. მას იცით, რომ მიესაჯა 13 წელი მაშინ, როდესაც კანონი 10 წლიდან ითვალისწინებდა პატიმრობის შეფარდებას. ესეც ერთ-ერთი გარემოებაა იმისა, რაც მიანიშნებს, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი და სამართლებრივი საფუძვლებით არ ზის ციხეში, მისი ბრალდება გაზრდილია ხელოვნურად - მსუბუქი დანაშაული გადაიქცა უმძიმეს ტერორისტულ საქმედ.

მეორე - ე.წ. ძაღლების საქმე 4 მაისის, სადაც მხოლოდ და მხოლოდ არსებობს წყალქვეშ ამოღებული სუნის ნიმუშები და ათი თვის შემდეგაა უცნობი ძაღლების მიერ ამოცნობის საქმე, აღნიშნული საქმის განხილვა შეჩერდა და უცნობია, როდის აპირებენ საქმის განახლებას. ეს გარემოებაც მიანიშნებს იმაზე, რომ ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი. ეს მიანიშნებს იმას, რომ მიზანი იყო პირადი შურისძიება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განეიტრალება და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში დახმარებისათვის შურისძიება. იცით, რომ მას 6 წელი აქვს მისჯილი რუსული სასამართლოს მიერ", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.