იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერდნენ ქალები საქართველოში, ივანიშვილის პარტიის პირობებში მათ დევნიან. ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არ არის შეთანხმება, ეს არის გარიგება ადამიანების უფლებებისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე.

"როდესაც ყოველდღიურად ქალებს, მათ შორის, დედებს უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება, სიღარიბეში გაზარდონ შვილები, თუ იძულებით ემიგრაციაში წავიდნენ, მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეების იძულებით ემიგრაციაში მყოფი 70% სწორედ ქალები არიან, ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერდნენ ქალები საქართველოში, ივანიშვილის პარტიის პირობებში ხდება მათი განდევნა პოლიტიკური სივრციდან, ეკონომიკური სივრციდან და ქვეყნიდანაც. ეს არის ის მოცემულობა, რაც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ მოიტანა.  ეს არ არის შეთანხმება. ეს არის გარიგება და გარიგებები ადამიანების უფლებების ხარჯზე და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე, არის ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ტრანზაქციული პოლიტიკა, რომელიც არ არის არც იდეებზე და არც ღირებულებებზე დაფუძნებული. ვფიქრობ, რომ ასეთი პოლიტიკის ადგილი მომავალ მრავალპარტიულ კოალიციურ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.