ცოტა უხერხულია, 2 დღეა, რომ ოპოზიციაში არიან და 2 დღეა, რომ რეჟიმს "დაეჯახნენ", ასეთი "პოლიტიკოსებისგან" "ნაციონალური მოძრაობის" აუგად მოხსენიება! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

"2012 წლიდან დღემდე, 12 წელია, რუსული რეჟიმი, მწამებელი ივანიშვილი ნაციონალებს დევნის - აპატიმრებს, სცემს, სახლებში უვარდება, უწყობს პროვოკაციებს.

10 000-ზე მეტი მხარდამჭერი ადამიანი პროკურატურაში ატარეს, ასობით ნაციონალური მოძრაობის წევრს წლები ციხეში გაატარებინა, 1000-ობით ჩვენი მხარდამჭერი ადმინისტრაციული წესით უამრავჯერ დაუპატიმრებიათ, დაუჯარიმებიათ, 1000-ობით ადამიანს ანგარიშები დაუყადაღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყნიდან ემიგრაციაში გააქციეს და მიუხედავად ამისა, ამ პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და გუნდს უკან არასდროს დაუხევია!!!

არც ერთი წამი არ ჩამოუშვია ხელები და 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უკომპრომისო ბრძოლაშია რეჟიმის წინააღმდეგ!

ჩვენმა ნატანჯმა ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა უამრავი შეურაცხყოფა, დამცირება, ბულინგი გადაიტანა და მაინც, ყველაზე მხნედ დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე!

ახლაც, ყველაზე ღირსეულად და მოთმინებით იტანს უსამართლობას, თავმდაბლურად ატარებს ყველა ივანიშვილის სტილში ნასაუბრებს, თუ ცილისწამებას.

ცოტა უხერხულია, 2 დღეა, რომ ოპოზიციაში არიან და 2 დღეა, რომ რეჟიმს "დაეჯახნენ", ასეთი "პოლიტიკოსებისგან" "ნაციონალური მოძრაობის" აუგად მოხსენიება!

ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე - ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვდებენ! იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ ცოტა ხნით და პარტიულ კეკლუცობას მოეშვათ?! იქნებ ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბროთ და არა ვიწროპარტიული ბოღმებით! თავმდაბალი, ყველაფრის მნახველი ადამიანები არიან ნაციონალები და ვამაყობ თითოეული ამ ადამიანით!

ბოდიშს გიხდით მათ მაგივრად ვინც, ისევ რუსული პროპაგანდის ენით გესაუბრებათ და ისევ თქვენ გიწევთ თმენა და თავშეკავება! არასდროს დაგვიყენებია ჩვენი ინტერესი ქვეყნისაზე მაღლა, ჰოდა ახლაც ასე გავაგრძელებთ - მუხლჩაუხრელად ბრძოლას და შრომას! 

ისევ ჩვენ მოვითმენთ და ისევ საერთო, საქვეყნო საქმისთვის... გამხნევდით ჩემო ღირსეულო თანამებრძოლებო!" - წერს ხაბეიშვილი.

"გახარია საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ "ქოცები ნაცებზე უარესები არიან".

"ბოლო დღეებში რაც ხდება, ქოცები ნაცებზე უარესები არიან. გარდა იმისა, რომ ეს მეთოდები გადმოიღეს, ამას დაამატეს 90-იანების სრული "ბეზპრიდელი" - უკანონო ნიღბიანი ბანდფორმირებები, ამას დაამატეს რუსეთი. ესენი არიან რუსები. ჩემი პირიდან ეს სიტყვები არ ამოსულა არასდროს, ყოველთვის ვერიდებოდი, მათთვის მეწოდებინა რუსული ოცნება, მაგრამ გადალახეს ეს ზღვარი. ესენი არიან მწამებლები. აღარ აქვთ მორალური უფლება, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ ჩვენ განვსხვავდებით ნაცებისგან იმით, რომ ისინი ხალხს ცოცხებით აწამებდნენ. ცოცხები ნაცების სიმბოლოა, ნიღაბია ამათი სიმბოლო და ეს კრიმინალური ბანდფორმირებები", - განაცხადა მეზვრიშვილმა.