გაუგებარია, თავის დროზე ქალბატონმა სალომემ რატომ არ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო. თავისი ცოდვები უნდა გამოესყიდა და ეს ნაბიჯი სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა გადაედგა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინის სამიზნე მიხეილ სააკაშვილია, რომლის ჩამონგრევაც ჰქონდა განზრახული.

"გაუგებარია, თავის დროზე ქალბატონმა სალომემ რატომ არ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო. თავისი ცოდვები უნდა გამოესყიდა და ეს ნაბიჯი სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა გადაედგა. სააკაშვილი არ არის რიგითი მოქალაქე.  

ახლა დადგა ის დრო, რომ ყველამ ყველაფერი გაიგო. გაირკვა, რომ პუტინი ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში მისთვის, მთავარი სამიზნე, რომელიც უნდა ჩამოენგრია, არის სააკაშვილი. ამიტომ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ხალხმა გაიგოს - მართლა რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი. უნდა მიხვდეს ხალხი, რომ ეს არ არის მარტო "ნაციონალური მოძრაობის" საქმე, ეს არ არის მარტო მიხეილ სააკაშვილის საქმე. სიმართლე უნდა ითქვას, რა მეთოდებს იყენებს ივანიშვილი და მისი ბანდა და რა ვითარება გვაქვს საქართველოში. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ ვერ შევძლებთ ძალების კონსოლიდირებას და დარჩება საზოგადოება დაქსაქსული, დაყოფილი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.