ჩვენ გვექნება ახალი საფუძვლები უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, ეს ახალი საფუძვლები ემატება კანონმდებლობაში მანამდე არსებულ საფუძვლებს, - ამის შესახებ ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერმა განაცხადა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის კარგი პოლიტიკის პირველი პრინციპი, სინამდვილეში, ნდობაა.

"ჩვენ გვექნება ახალი საფუძვლები უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, მაგალითად, როდესაც მესამე ქვეყანაში მოქმედებს ინვესტორთა მოქალაქეობის სქემა, ასევე, როდესაც მესამე ქვეყანა საკმარისად არ შეუსაბამებს თავის სავიზო პოლიტიკას ევროკავშირისას, ასევე როდესაც ჩვენი საგარეო ურთიერთობები მათთან გაუარესდება, კერძოდ, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და ზოგადად საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო. ეს ახალი საფუძვლები ემატება კანონმდებლობაში მანამდე არსებულ საფუძვლებს. უვიზო მიმოსვლის კარგი პოლიტიკის პირველი პრინციპი, სინამდვილეში, ნდობაა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით, რომ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც უვიზო პარტნიორები არიან, თავიანთ პოლიტიკას ევროკავშირისას შეუსაბამებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება გახდნენ ტრანზიტი, მაგალითად, არალეგალური მიგრაციისთვის და ამას ვერ შევეგუებით", - განაცხადა ბრუნერმა.

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება. ახალ მექანიზმს მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 96 იყო, ხმის მიცემისგან თავი 24-მა დეპუტატმა შეიკავა.