“მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის ელექტროსისტემიდან გაშვებას სემეკის პირველადი დასკვნის გამოქვეყნების ლოგიკურ გაგრძელებას უწოდებს.

ბესელია ამბობს, რომ ეს ჯერ ფინალი არ არის და არ გამორიცხავს, რომ მისი საქმიანობით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ.

"ზარდიაშვილის განთავისუფლება არ იყო დიდი გამოსაცნობი, რომ ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება იმ დასკვნის, რაც გამოაქვეყნა პირველადი დასკვნა სემეკმა. თუმცა ეს არ არის ფინალი ალბათ, იმიტომ რომ მისი საქმიანობით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან, უთუოდ. არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მათ შორის წინა საქმიანობის შესწავლის კუთხითაც და დაინახავენ, ალბათ ძალიან ბევრად კანონის საწინააღმდეგო ქმედებას. რა თქმა უნდა, ეს მდინარაძესთან დაკავშირებული ძალიან ახლო ადამიანია და მისის სქემები იქნება ალბათ გამოძიებისთვის საინტერესო და მისი საქმიანობის შესწავლა, რაც იქნება შემდეგი ეტაპი, ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ივანიშვილს არ რჩება მხედველობიდან მსგავსი ქმედებები და ამის გაგრძელება იქნება ალბათ, უკვე გამოაშკარავება ბევრი ისეთი რამის, რაზეც ჯერჯერობით არ საუბრობენ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემიდან გაუშვეს. ოპოზიცია ამბობს, რომ მისი გაშვება საქართველოს 2-დღიან ჩაბნელებას უკავშირდება. თავად ზარდიაშვილი კომენტარს არ აკეთებს, ის 2-კვირიან შვებულებაში იმყოფება.