რეალური მიზეზი არ ვიცი, რა არის, მაგრამ ჩანს, რომ გასვლა უნდათ ალიანსიდან. კომუნიკაცია მექნება "ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ მცდელობა, რომ გადავაფიქრებინო გასვლა, არა, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ალიანსში ყოფნა არის ნებაყოფლობითი და არა ძალდატანებითი.

"არ მგონია, რომ გიგა გაცდენილიყო იმ შეთანხმებას, რის გარშემოც ეს ალიანსი შეიქმნა. მე არ ვიცი, რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ მე რასაც ვუყურებ, განცდა დამრჩა, რომ ცარიელ ადგილზე ატეხილი ქარიშხალია, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ, რომ გასვლას აპირებენ, დანარჩენი ხმაურია, მეტი არაფერი. ვნახოთ, თუ იტყვიან, რომ გავდივართო, მერე დანარჩენი პარტიებიც გადავწყვეტთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამის გამო საზოგადოების განწყობები პრინციპულად გადატყდება და შეიცვლება, ხალხი ისედაც უმძიმეს ვითარებაშია ისედაც. ახლა ასაშენებელია, დასაწყებია ქვემოდან და ალიანსი იყო ამის შანსი, ან არის, რომ დავიწყოთ და დავაშენოთ, მაგრამ ნუ, არ იქნება "ნაციონალური მოძრაობა" ამის წევრი, მაშინ ვინც იქნება, ისინი დაიწყებენ მშენებლობას.

ალიანსის შეხვედრებს მარტო მე არ ვესწრები, ამას ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც და ნებისმიერს შეუძლია თქვას, რა ხდება იქ და საერთოდ განიხილება თუ არა ისეთი რაღაცები, რაც ისმის. არაფერი მსგავსი არ ხდება. რეალური მიზეზი არ ვიცი, რა არის, მაგრამ ჩანს, რომ გასვლა უნდათ და რატომ უნდათ, არ ვიცი. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ თვითონ უკეთ გაართმევენ თავს რაღაცებს, არ ვიცი. თვითონ იტყვიან, ალბათ.

კომუნიკაცია მექნება "ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ მცდელობა, რომ გადავაფიქრებინო გასვლა, არა. ეს ალიანსი არ არის იძულებითი, ნებაყოფლობითია. არავის არაფერში დარწმუნებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, როცა ალიანსი იქმნებოდა, მე პირადად დავხარჯე ბევრი დრო და ენერგია იმაზე, რომ ყოფილიყო ისეთი შეთანხმება, სადაც "ნაციონალური მოძრაობაც" მათი ნაწილი იქნებოდა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ საჭირო გახდა, "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსს დატოვებს. საქმე ეხება ალიანსის წარმომადგენლის გიგა ლემონჯავას განცხადებას, რომ ახლა ალიანსი მიხეილ სააკაშვილზეა ფოკუსირებული.