სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 7 წლის ბიჭის შესაძლო წამების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი რამდენიმე დღის განმავლობაში ნაცემი საღორეში იყო ჩაკეტილი. ბავშვს მრავლობითი სხეულობრივი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ნაკბენების კვალი. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. 

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი თვითონ გაექცა სავარაუდო მოძალადეებს და დახმარებისთვის ნათესავს მიმართა. ისინი დედასა და ბებიას ასახელებენ ძალადობის წყაროდ. პოლიციამ უკვე გამოკითხა ბავშვის დედა, თუმცა არასრულწლოვანს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

ბავშვის მამისა და ბებიის თქმით, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, მათ რეაგირება მას შემდეგ შეძლეს, რაც ბავშვმა ნათესავთან მოახერხა მისვლა. მამა აპირებს საქართველოში დაბრუნებას და სამართალდამცველებისგან სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმომადგენლების მხრიდან არ დაფიქსირებულა ინტერესი იმაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა ბავშვი გაკვეთილებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ჩადენას არასრულწლოვნის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.