ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.

ამ დროისთვის პირი ამოკერილი აქვს 5 ადამიანს, 6 კი შიმშილობს.

მოშიმშილეებისთვის დღეს სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

შუქრუთის მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი 11 სექტემბრიდან თბილისში, პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.

შუქრუთის მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციის მოთხოვნით 179 დღეა, უწყვეტ პროტესტს მართავს. პროტესტში ჩართვის გამო შპს “მაღაროელმა” 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.