სლოვაკეთს შეუძლია არა მხოლოდ შეაჩეროს ელექტროენერგიის ექსპორტი უკრაინაში, არამედ მნიშვნელოვნად შეამციროს უკრაინელი ლტოლვილების დახმარება, ასე "უპასუხებს“ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ სლოვაკეთში ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ მისი ქვეყანა გაზის ტრანზიტიდან წელიწადში ნახევარ მილიარდ ევროს კარგავს.

ფიცომ დაადასტურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები 7 იანვარს შეხვდებიან უკრაინისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ტრანზიტის შეჩერება.

"მმართველი პარტიის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და კოალიციაში შევთანხმდით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე და სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე”, - განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ცდილობდა დაერწმუნებინა უკრაინა, გაეგრძელებინა გაზის მიწოდება, მაგრამ კიევმა უარი თქვა.

ამის შემდეგ ფიცომ დაიწყო მუქარა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში ელექტროენერგიის ექსპორტს შეწყვეტდა. მან ასეთი განცხადება გააკეთა იმ პირობებში, როდესაც რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემა სერიოზულად დაზიანდა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებში ელექტროენერგიის მიწოდება, სხვა საკითხებთან ერთად, იმპორტზეა დამოკიდებული.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის მსგავსი მუქარის კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფიცომ მსგავსი მითითება სავარაუდოდ, პუტინისგან მიიღო.