სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა.

"იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ვანში, სოფელ ციხესულორში, ასევე, ვანში ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ, თერჯოლის სოფლებში - კვახჭირი და ქვედა სიმონეთი ფიზიკური პირების ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.

ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.  

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა წყალტუბოში, სოფელ ქვიტირში ფიზიკური პირის საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა; დარღვეული იყო ასევე ტექნოლოგიური პროცესი და ეტიკეტირების წესი. 

ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.