სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 22 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა - ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია და თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება.

სუსის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი დაკავებულია.

"მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება. ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ საღამოსვე შევძელით დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.

არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

არასრულწლოვანს ბრალდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებენ სუსში.