ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მეცხრე დღეც გადავიხადოთ, ალბათ, შემდეგ მოვემზადებით, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა.

"ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მეცხრე დღეც გადავიხადოთ, ალბათ, შემდეგ მოვემზადებით. აღდგომის დღესასწაული მოდის, ეს ყველაფერი ჩავატაროთ, ცოტა რომ გამოვიხედებით თვალებიდან, დავიწყებთ ფიქრს აღნიშნულზე.

ალბათ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება, ფაქტობრივად, სინოდის წევრების უმრავლესობას, ვინც საორგანიზაციო საკითხებით იყო დაკავებული, არ გვძინებია. ცოტას დავისვენებთ.

წინა დღეებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სიონის ტაძარში ნაკადი არ შეწყდება", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. 23 მარტს ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს.

მომავალ პატრიარქს წმინდა სინოდი პატრიარქის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 2 თვეში აირჩევს.