ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელობა მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს 240 ლარისა და 10 თეთრის უკან დაბრუნებას სთხოვს.

"სსიპ - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 2026 წლის 20 თებერვალს თქვენზე გაიცა თებერვლის თვის სრული თანამდებობრივი სარგო. თუმცა თქვენი პირადი განცხადების საფუძველზე, 25 თებერვლიდან შეგიწყდათ შრომითი ხელშეკრულება და თებერვლის თვეში, თქვენს მიერ ფაქტიურად ნამუშევარმა დღეების ოდენობამ შეადგინა 15 სამუშაო დღე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოთ ზედმეტად გაცემული 5 სამუშაო დღის შრომის ანაზღაურება...", - აღნიშნულია მსახიობისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს თეატრის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ლევან აბულაძე აწერს.

ოფიციალურ წერილს, რომელი 19 მარტით თარიღდება, მსახიობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ნანკა კალატოზიშვილმა რამდენიმე კოლეგასთან ერთად ახალი თეატრი 21 თებერვალს დატოვა. მიზეზი თეატრის შენობის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნა გახდა.