გამომძიებლის ცნობით, გამოცემა "ბათუმელების" ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად იგი დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელახლა დააკავეს.

ადვოკატების თქმით, გამოძიება დაწყებულია 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები გამოძიებას ჯერ არ გადაუცია.

მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.