არც ერთის და არც მეორის მატერიალური მდგომარეობა უზღვავი არ არის, მაგრამ გონივრული ოდენობა სასამართლომ განსაზღვროს, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო არ იღებს, - ამის შესახებ დაკავებული პოლიტიკოსების მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა მიმალვის საფრთხეზე საუბრობს, თუმცა აღნიშნული საფრთხე არ არსებობდა.

"მიმალვის საფრთხეზე საუბრობენ და მიმალვის საფრთხე როგორ არსებობს, როცა ადამიანები პირდაპირ ეთერში აიყვანეს. ისინი ინტერვიუს იძლეოდნენ და მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ის უყურებდა ტელევიზორს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრალდებულთა სახელები ჩამოთვალა, მაგ დროს მანჯგალაძე სახლში იყო.

რაც შეეხება გირაოს ნაწილს, არც ერთის და არც მეორის მატერიალური მდგომარეობა უზღვავი არ არის, მაგრამ გონივრული ოდენობა სასამართლომ განსაზღვროს, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო არ იღებს”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.