რუსთავის სასამართლო ბოლო დროის გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს, - განსასჯელის სკამზეა არასრულწლოვანი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

16 წლის მოზარდი ბრალდებას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაული სექსუალური ძალადობის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მოზარდი გამოძიებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ყვება, რომ რუსთავში მცხოვრები დაახლოებით 50 წლის მამაკაცი მას გაუპატიურებას უპირებდა.

იმავეს ამტკიცებენ არასრულწლოვნის ოჯახის წევრებიც. დედა სახელმწიფოს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, ამბობს, რომ მისი შვილი მსხვერპლია და მას ახლა გვერდში დგომა სჭირდება.

"მივმართავ სახელმწიფოს, საზოგადოებას და დედებს - ვთხოვ გვერდში დამიდგნენ.

ახლა შველა მე მჭირდება. თქვენი დახმარება მჭირდება - ჩემი არასრულწლოვანი შვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. გაუპატიურების მსხვერპლი გახდა ბავშვი და არის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან ის მისი ინტერესები იქნეს დაცული, ციხეში გამოკეტეს. გთხოვთ დახმარებას", - აცხადებს 16 წლის მოზარდის დედა.

დღეს სასამართლოზე უნდა დაიკითხოს ექსპერტი, რომელმაც არასრულწლოვანს პირველადი დათვალიერება ჩაუტარა და ბიოლოგიური მასალა აიღო. სწორედ ექსპერტიზის დასკვნამ უნდა თქვას, იყო თუ არა გაუპატიურების მსხვერპლი 16 წლის მოზარდი.

დაცვის მხარე ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს. უფლებადამცველის თქმით, მოზარდი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და თავს იცავდა.

"16 წლის ბავშვს თავი რომ დაეღწია მოძალადე პედოფილისგან, ერთადერთი გზა დარჩა, რომ აუცილებელი მოგერიების პირობებში დანა გამოეყენებინა. რა თქმა ამით მან თავი და თავისი სქესობრივი თავისუფლება გადაირჩინა. იმის გამო, რომ ბავშვი მოძალადე პედოფილს გაუსწორდა, არ შეიძლება იყოს პატიმრობაში. უდანაშაულო არასრულწლოვანი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. დღესაც ვიშუამდგომლებთ ჩვენ გირაოს გამოყენებაზე, მოწმეებიც უნდა მოიყვანოს პროკურორმა, თუ არ იზარმაცა. მინიმუმ მოლოდინი მაქვს, რომ სამართლიანმა პროკურატურამ აღიაროს ის, რომ ეს არ ყოფილა მკვლელობა და აუცილებელი მოგერიების პირობებში იყო, ან თუნდაც პროკურატურამ ფარგლებს გადაცილებით მაინც გვითხრას, ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სამართლიანი და სამართლებრივი პროკურატურის მხრიდან.  თუმცა ბოლომდ პროკურატურას არ გავაკრიტიკებ, რადგან ჯერ ბევრი ექსპერტიზის დასკვნა არ არის მოსული, რომ პროკურატურაც დარწმუნდეს ბავშვის უდანაშაულობაში", - აცხადებს ადვოკატი. 

დანაშაული რუსთავში ორი თვის წინ, ივნისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები 15 წლის მოზარდმა ნაქირავებ ბინაში მიაყენა.

ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა, კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.