გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული, უფრო მეტიც, მან დაკავებულის სახელი და გვარი მხოლოდ სიუჟეტით შეიტყო და მანამდე არც იცოდა ამ პირის არსებობის შესახებ, - ამის შესახებ დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას გაუჭირდება სუსის ვერსიების დეტალებში შესვლა.

"გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული, უფრო მეტიც, მან დაკავებულის სახელი და გვარი მხოლოდ სიუჟეტით შეიტყო და მანამდე არც იცოდა ამ პირის არსებობის შესახებ, თუმცა მე ძალიან გამიჭირდება დეტალებში შესვლა სუსის ვერსიებთან დაკავშირებით, ვინაიდან, ჩვენ არ ვიცნობთ საქმის მასალებს, არ ვართ მხარე. ბაჩიაშვილს გამოძიება არ ედავება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.

პირველივე დღიდან ვაცხადებდით ჩვენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვიდეოჩანაწერების ამოღება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიდეოჩანაწერები არის წაშლილი. ამასთანავე, პირველივე დღიდან მოვითხოვდით, რომ გიორგი ბაჩიაშვილი განცალკევებით მოთავსებულიყო საკანში სხვა მსჯავრდებულებისგან დამოუკიდებლად, ვინაიდან თეორიულად შესაძლებელი იყო მსგავსი საფრთხეები და ესეც არ დაკმაყოფილდა.

11 ივნისამდე ბაჩიაშვილი საკანში მარტო იმყოფებოდა დაახლოებით ერთი კვირა და ეს არის უტყუარი ფაქტები, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით",  - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ქემოკლიძემ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს.