ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, რადგან ყველა კითხვას, რომელიც საქმის ირგვლივ გაჟღერდა, შესაბამისი პასუხები გაეცეს.

ტარიელ კაკაბაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამოწმდეს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რადგან მისი ინფორმაციით, “ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, მოსკოვში, სადაც ცხოვრობდა ჯანგველაძე, ფარცხალაძე-რომანოვის გავლენები ბევრად გაიზარდა“.

"მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, არაერთხელ გაჟღერდა ფარცხალაძე-რომანოვის სახელი და გვარი, არაერთხელ გაჟღერდა პროცესზე, ასევე საქმეშიც გაჟღერდა, ამიტომ, მე ვამბობ, ყველა ის ინფორმაცია, რაც ჟღერდება, უნდა იქნეს გადამოწმებული, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა ლევან ჯანგველაძესთან გადაკვეთა, გარკვეული დაპირისპირება გავლენებთან დაკავშირებით, და მეტსაც გეტყვით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, მოსკოვში, სადაც ცხოვრობდა ჯანგველაძე, ფარცხალაძე-რომანოვის გავლენები ბევრად გაიზარდა და ეს ინფორმაციაც მაქვს. მაგრამ, მე არასდროს ვიკადრებ, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ვინმეს დაკავება მოვითხოვო, რადგან მე ადვოკატი და იურისტი ვარ. მე ვამბობ მხოლოდ იმას, რომ უნდა გამოიძიონ და იმუშაონ, სწორი მიმართულებით", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ "ტვ პირველის" ეთერში.