მე თვითონ მრცხვენია ისეთი რაღაცით ვარ დაჭერილი, ერთი ძაღლით და რაღაც კადრით. თუ ტერორიზმი მოხდა და სასამართლო გადაიბუგა, რა გაძინებთ 8 თვე სახლში? - ამის პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები ნულია.

"მე რომ ის გამეკეთებინა, ვიტყოდი, მე გავაკეთე-თქო, მაგრამ არ გამიკეთებია და რადგან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდება, ვერ დავიბრალებ იმას, რაც არ გამიკეთებია და ვერც იმას, რასაც ის რომელიღაც გამომძიებელი მაბრალებს, რომელიც 10 თვე საქმეს ვერ ხსნიდა.

მტკიცებულებებზე მინდა ვთქვა, 15-წლიანი მუხლი მაქვს და მისაზღვრავთ, რა ვთქვა და რა არა? რადგან ტერორიზმის მუხლით დამიჭირეს, გაიხედეს-გამოიხედეს, გაუხსნელი საქმე ედოთ, 10 თვე ქონების დაზიანებით მიმდინარეობდა გამოძიება, რახან მე, გვარად ელისაშვილი დაჭერილი ვიყავი ტერორიზმის მუხლით, გამომძიებლების გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური დაკვეთის გამო, ქონების დაზიანების გაუხსნელი მუხლი გადააკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით და მე წარმიდგინეს. მტკიცებულებები ნულია, სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, შეიძლება, არც იპოვეს ის ძაღლი, ის ძაღლი მადებს ხელს, გინდა თუ არა, მე ვიყავი.

მე თვითონ მრცხვენია ისეთი რაღაცით ვარ დაჭერილი, ერთი ძაღლით და რაღაც კადრით. თუ ტერორიზმი მოხდა და სასამართლო გადაიბუგა, რა გაძინებთ 8 თვე სახლში? შეკერვაც არ იცით საქმის, ეს რა უბედურებაა?“,  - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.