საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარი ქმედების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა.  სისხლის სამართლის საქმე  არსებითი განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარიმართება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.