17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ ბრალდებული ბრალის აღიარების თავად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, შეხვდა პოლიციელებს, რომლებმაც ის სამართალდამცავ ორგანოებში მიიყვანა, მან წაყენებული ბრალდება აღიარა და ისაუბრა მომხდარის დეტალებზე.

"ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არანაირი კავშირი არ არსებობდა. ისინი პირველად სწორედ საბედისწერო ღამეს შეხვდნენ ერთმანეთს. ბრალდებული თავის მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა 10 სექტემბრის გამთენიისას, რა დროსაც მას შემთხვევით შეხვდა რამდენიმე ბიჭი, რომლებიც იქვე სამწვადის ტერიტორიაზე აღნიშნავდნენ მეგობრის დაბადების დღეს და აღნიშნულ პირებს სთხოვა სიგარეტი. სიგარეტი მათ არ ჰქონდათ და უპასუხეს რომ არ ჰქონდათ, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია და უთხრა, რომ მათი ტონი არ მოეწონა. ამის შემდეგ ბიჭებს შორის ურთიერთობა დამშვიდდა, ის მიიწვიეს თავის სუფრასთან და შესთავაზეს სადღეგრძელოს დალევა, რა დროსაც ბრალდებული გამოელაპარაკა მათ, გაეცნენ ერთმანეთს, უბრალოდ სახელები გაცვალეს და ამის შემდეგ, მან შენიშნა, რომ  სუფრასთან თავისთვის იჯდა, არც კონფლიქტში ერეოდა და არც საუბარში მოკლული არასრულწლოვანი, 17 წლის დავითი, რა დროსაც მან დავით შენიშვნა მისცა, თუ რატომ არ დგებოდა ფეხზე და ეს პირად უპატივცემულოდ მიაჩნდა.

დავითმა მას უპასუხა, რომ უბრალოდ ფეხი სტკიოდა და ამის გამო ფეხზე ვერ დგებოდა, რამაზც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია, უთხრა რომ ამდგარიყო, მის გვერდით დამდგარიყო - თუ ფეხი სტკიოდა, ხელი გადაეხვია და ასეთ მდგომარეობაში ეიძულებინა თავი, რომ დარჩენილიყო. ფეხზე ადგომის შემდეგ, იძულებით დავითი გვერდით იდგა რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ბრალდებულმა მას შესთავაზა მოშორებით ცალკე გასვლა. გასვლისთანავე, მას ბრალდებულმა წინასწარ განზრახვით გულ-მკერდის არეში დანის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი და ცოტა ხნის განმავლობაში მიიმალა, თუმცა ის რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდა.

შეუტყობინებლობაზე დაკავებული არ გვყავს, იმიტომ რომ სასწრაფოში დაირეკა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული 17 წლისაა, მას აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი კრიმინალური გამოცდილება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ის მრავალეპიზოდიანი ქურდობების ჩადენასთან დაკავშირებით არის ამჯერადაც  პასუხისგებაში მიცემული, იმყოფება გირაოს მოქმედების ქვეშ, რაც ამ ეტაპზე გადაუხდელი აქვს", - აცხადებს პროკურორი. 

ადვოკატების თქმით, ბრალდებული აღიარებს, ინანიებს მომხდარს და არის შოკირებული.

მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს მოხდა. დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.