როდესაც თანხა გადაეცა გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, მათი მობილური ტელეფონისა და ინტერნეტტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთი და იმავე პერიოდში ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია.

"როდესაც თანხა გადაეცა გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, მათი მობილური ტელეფონისა და ინტერნეტტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთი და იმავე პერიოდში ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდნენ. ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია.

ჩვენ ამიტომ ვართ იურისტები, რომ ეს ყველაფერი შევაჯეროთ, დავაკავშიროთ ერთმანეთთან და სასამართლო სწორედ ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. აქ მთავარი ის არის, რომ არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით და მასში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება მოცემულობას, რომ მოწმე, რომელიც ფიზიკურად შეესწრო თანხის გადაცემას -  დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ საუბარი არის ქრთამის მოთხოვნასა და გადაცემაზე, ბუნებრივია, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საჯაროდ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის თანდასწრებით არ ხდება", - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, მიქაუტაძის მხრიდან, ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემა ხდებოდა კაბინეტში.

"კი ბატონი, ჩანთით ჰქონდა (თანხა). შენობაში ყოფნას რაც შეეხება, ჩვენ დავკითხეთ დაცვის თანამშრომელი, რომელსამე ადასტურებს, იმავე სართულზე ნანახი ჰყავს, მაგალითად, რომეო მიქაუტაძე“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურამ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.