პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი მის მიმართ წარმოებულ კიდევ ერთ საქმეს "ცინიზმს" უწოდებს და აცხადებს, რომ არასოდეს ცნობს თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ "სადისტ პოლიციელს არაკაცი დაუძახა".

პოლიტიკოსს ბრალი წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს.

"სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე მაგაში თავს დამნაშავედ არასოდეს არ ვიგრძნობ. ბარემ ჩემი სურათი მოიტანეთ და ჩამოკიდეთ", - განაცხადა სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და თავისუფლების 13 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს.

ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.