ამდენი ხანია, ამას ვიხვეწები და არავინ გვეუბნება, არ ვიცი, რა მტკიცებულებებია. ჩემი შვილი უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ, -  ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამამ და ყოფილმა მაღალჩინოსანმა მერაბ მალანიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, სატელეფონო საუბრის გარდა, მის შვილს გაბაშვილთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც დანარჩენ მსჯავრდებულებთან, ნია იმნაძის გარდა.

"ამდენი ხანია, ამას ვიხვეწები და არავინ გვეუბნება, არ ვიცი, რა მტკიცებულებებია. მოლოდინი აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით არ მქონია, რადგან რეზონანსული საქმეა. ჩემი შვილი უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ. 

ის დღე, რომელზეც საუბარია, თავდასხმის ღამეა, გიორგი სასწავლო ცენტრიდან მე მომყავდა, გზაში გავაჩერე მანქანა, მაღაზიაში შევედი "ფრესკოში“, შეიძლება იმ დროს დაურეკა, მართლა არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. ყოველ შემთხვევაში, ხომ ვკითხავდი, ვის ელაპარაკებოდა. სატელეფონო საუბრის გარდა, ჩემს შვილს გაბაშვილთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც დანარჩენ მსჯავრდებულებთან, ნია იმნაძის გარდა. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით, ნია იმნაძის მამა წარმოშობით ლანჩხუთიდანაა, საიდანაც ჩემი მეუღლეა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა გვქონდა, ბავშვებს ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ერთად ყოფნა უწევდათ, ერთად გაიზარდნენ. ეს იყო მათი კავშირი“, - განაცხადა მერაბ მალანიამ.

გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 13 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.