შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით  - 1990 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.დ. დააკავეს.

დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რ.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სათბურიდან, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 9 ძირი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია 30 სხვადასხვა ზომის მინის ქილა, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება „პსილოცინის შემცველი სოკო" და „გამომშრალი მარიხუანა".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.